სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
21 - 24 მაისი

ტელ:  577460614

ელ-ფოსტა: foundationkakabadze@gmail.com

ვებ-გვერდი: მზადების პროცესშია

მისამართი: მურმან ლებანიძის  14, თბილისი, საქართველო

წარმოდგენილი ნამუშევრები

ცისფერი სერია

ამირ კაკაბაძე

ქაღალდი, გუაში

29 x 23 cm

1987

მეტამორფოზები

ამირ კაკაბაძე

ფრანგული წიგნის ქაღალდი, გუაში

28 x 19 cm

1990

ქალის პორტრეტი (დიპტიქი)

ამირ კაკაბაძე

ქაღალდი, გუაში

1995

კომპოზიცია

ამირ კაკაბაძე

ფრანგული წიგნის ქაღალდი, გუაში

28 x 19 cm

1990

სასწორი

ამირ კაკაბაძე 

ქაღალდი, გუაში

48 x 35 cm

1991

გული

ამირ კაკაბაძე

ფრანგული წიგნის ქაღალდი, გუაში

28 x 19 cm

1990

მუსიკა

ამირ კაკაბაძე 

ქაღალდი, გუაში

48 x 35 cm

1994

წმ. პეტრეს ტაძარი

ამირ კაკაბძე 

ტილო, ზეთი

100 x 100 cm

1997

ავტოპორტრეტი

ამირ კაკაბაძე

ქაღალდი, გუაში

30 x 23 cm

1985

ალუბალი ჟაბოში

ამირ კაკაბაძე

ქაღალდი, გუაში

48 x 35 cm

1994

კაცის ფიგურა

ამირ კაკაბაძე

ტილო, ზეთი

150 x 51

2010

ტერფის ანატომია

ამირ კაკაბაძე

ქაღალდი, გუაში

28 x 46 cm

1990

მარგალიტები

ამირ კაკაბაძე

ფრანგული წიგნის ქაღალდი, გუაში

28 x 19 cm

1990

ცისფერი სერია

ამირ კაკაბაძე

ქაღალდი, გუაში

29 x 23 cm

1987

სახე ხარაჩოებში

ამირ კაკაბაძე

ფრანგული წიგნის ქაღალდი, გუაში

29 x 20 cm

1990

...სრულად taf-ის გამოფენაზე view_on_google_map

მოძრავი თვალის მანიფესტი

მოდერნისტული მხატვრობის ზოგადი ისტორიის პერსპექტივიდან ამირ კაკაბაძის შემოქმედება სუბიექტური და ორიგინალური ხედვების საერთაშორისო კოლექციის ნაწილია. დაფარულის შემჩნევა და ხედვის ხაზგასმით ავთენტური მოდელის დემონსტრირება მას უცვლელი სტილის დაცვითა და გამორჩეული არტისტული მანერით ეხერხებოდა სიცოცხლეში, რასაც სრული სისავსით ინარჩუნებენ მისი მხატვრული მემკვიდრეობის ნიმუშები. ამირ კაკაბაძის მთელი შემოქმედება ერთგვარი მიძღვნაა სიურრეალიზმის ძიებებისადმი, - მოდერნისტული ცნობიერების ერთ-ერთი ცენტრალური თემის მხატვრული კვლევაა, სადაც ინტერესის საგანი საზარლისა და მომხიბლავის ზღვარზე მყოფი ირაციონალური, უცნაური და სიზმრისეულია და თითოეული ეს კომპონენტი განსაზღვრავდა მისი, როგორც მხატვრის, ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ დეტალს. ამირ კაკაბაძე ერთ-ერთი პირველია თავისი თაობის ქართველ მხატვრებში, ვინც დადასა და სიურრეალიზმს დროითი დისტანციიდან შეხედა. ზოგადი ისტორიული გამოცდილება ახალი ეპოქის შინაარსით შეავსო, პერსონალური ფაქტორით გაამდიდრა და წარსულიდან განახლებული დისკურსების ტერიტორიისკენ გამოუხმო მათ. ის თანამედროვე ხელოვანია ამ ტერმინის დღევანდელი, მიმდინარე პროცესებისთვის მისაღები მნიშვნელობით, რამდენადაც თანამედროვე მხატვრობაში ერთ-ერთი აქტუალური ტენდენცია ნეო-სიურრეალიზმია და ის ხშირად ავლენს თავს უახლესი პროცესების განმსაზღვრელ ხელოვანებში თავისუფლების ხარისხის იმ მასშტაბით, რაც ასევე სახასიათოა ამირ კაკაბაძისთვის. სიურრეალიზმი მისთვის ზოგჯერ ექსპერიმენტულ მეთოდად იქცევა, როცა ცდილობს მხატვრობის ისტორიის და მისი დიდი წარმომადგენლების გააზრებას, მათთან ერთგვარ დიალოგს. სამყაროს მისეულ აღწერაში მხატვრობის ისტორიის განსაკუთრებული მომენტები სიურრეალისტური მისტერიის აქტორებია და სხვადასხვა შინაარსად ჩნდება. ჟამნის“ მანუსკრიპტების ასოციაციით აგებული კომპოზიცია „სამყაროს ბორბალი“ (ქაღალდი, გუაში, 48X36.1993წ.) დიურერთან შეხვედრაა, მისი „ნემესისის“ კომპოზიციური ვარიაციების სახით; ამირ კაკაბაძე იმ სფეროს, რომელზეც დიურერის ქალღმერთი დგას, ხის ბორბლად გადააქცევს, რომლის ერთი ნაწილი ნახევარწრიული თოკია, მასზე ჩამომსხდარი ფრინველებით, ხის კონსტრუქციის ნაწილზე კი შენობების სილუეტებია. მინიატიურებისთვის დამახასიათებელ სტილში გაფანტულან ფრთოსანი ანგელოზები და წმინდანები, ხოლო ცენტრში კი დიურერის ცნობილი მონოგრამა ტრანსფორმირებულია და ა.დ.-ს ნაცვლად ავტორის ინიციალებია (ა.კ.) მონიშნული. ამირ კაკაბაძე თავისუფალი და ლაღი ინტერპრეტაციებით ტკბება საკუთარ ნამუშევრებში, - სიამოვნება, რომელსაც ის იღებს სხვადასხვა თემასთან, ან ავტორთან შეხვედრით შთაგონებული კომპოზიციების შეთხზვით, მისი მხატვრობის ზემოქმედების ძალას განსაზღვრავს, რომელიც ყოველთვის თვალის მგრძნობელობის საზღვრების გამოცდაა, თანაც ყოველ ახალ ჯერზე მოულოდნელი სახეცვლილებით. ის თავად, პერსონალურად განასახიერებს თვალის სიურრეალისტური მოგზაურობის „ჩანაწერებს“. ტრიპტიქი „მოძრავი თვალი“ (კოლაჟი, მინა, გუაში. 2005წ.) ფლუიდური ეფექტის მქონე გამოსახულებაა, ირიბი რეფერენციით ძიგა ვერტოვის ფილმის ცნობილ ეპიზოდზე კამერის მონოლოგით, თუმცა, ამ უკანასკნელის შემტევი და ყოვლისმომცველი რიტორიკისგან განსხვავებით მას ის უფრო აინტერესებს, თუ რა ემართება ადამიანურ გონებას, როცა რაღაც ისეთს ხედავს, რაც უმეტესად სადღაც გადამალულია და არ არის ადვილად მოსახელთებელი.

ამირ კაკაბაძის თვალი მეტამორფოზებს მისდევს და მათ სქემებად ალაგებს. ეს გამოსახულებები რთულია, დეტალებით გადატვირთული, განყენებულ სივრცეში აღმოცენებული და პირობითი, თან ადვილად აღსაქმელის ილუზიასაც ქმნის; მაგრამ საკმარისია დაკვირვებით შეხედოს აღმქმელმა და მაშინვე გააცნობიერებს რთულ სურათთან შეჯახების ფაქტს, რომელიც მრავალ თავსატეხს გულისხმობს.

ამირ კაკაბაძის მხატვრული ხედვის მთავარი განმსაზღვრელების მოკლე ჩამონათვალში აუცილებლად გასათვალისწინებელია რამდენიმე საფუძვლიანად და თანმიმდევრულად დამუშავებული თემა: გეომეტრიული აბსტრაქციის სამგანზომილებიანი ვერსიები ობიექტების სახით, ფაქტურული ზედაპირებითა და ყოფითი საგნების სინთეზით აგებული რედიმეიდები, პარადოქსული ეფექტის მქონე კოლაჟები და სიურრეალისტური წარმოსახვის მასშტაბურობით გამორჩეული ფერწერული ნამუშევრები. ამირ კაკაბაძის შემოქმედება უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ქართული მოდერნიზმის გამოცდილება წარმოადგენს საყრდენს, რომლის გათვალისწინებითაც ხდება საბჭოთა რეჟიმის პერიოდით განპირობებული გამოტოვებული სივრცეების შევსება და მოქმედ აწმყოსთან შეხვედრა. ამ მრავალფეროვანი გამოცდილებით ის ფსიქოლოგიური ფორმულების მხატვარია, გაშიშვლებული ნერვების მგრძნობელობით და სიურრეალისტური პარადოქსებით. იმ სხვადასხვაობასა და რაოდენობაში, რომელსაც ის გვთავაზობს, რთულია ამომწურავი ვერბალური განსაზღვრების პოვნა. მისი ნამუშევრების მიღმა თითქოს სხვა მნიშვნელობებია, გამოცანა-კოდები და მისტერიების ფარული შინაარსები, რის გამოც ამირ კაკაბაძის მხატვრობა მუდმივად ღიად დარჩენილ, განმაიარაღებელ შეკითხვას ჰგავს.

ავტოპორტრეტები უხვადაა რთულსა და ტევად არქივში, - ამ ჟანრს მხატვარი პერიოდულად უბრუნდება და მუდმივად პოულობს ახალ ფორმას თავისი არტისტული ხედვისა და პოზიციის თანმიმდევრულობის, უკომპრომისობისა და პრინციპულობის დამადასტურებელი განაცხადებისთვის. საკუთარ თავს ის მხატვრობის ისტორიაში ჩაძირულად წარმოადგენს, სადაც ცენტრალურ ადგილს ხედვის აბსტრაქცია იკავებს, რომელიც ათავისუფლებს წარმოსახვას და სამყაროს უსასრულობაში მოგზაურობს. ზღვარი რეალობასა და შეთხზულს შორის აქ გამქრალია და ხელოვანი საკუთარი თავის წარდგენით ხელოვნების ისტორიის იმ ნაწილს აგრძელებს, სადაც მხატვრის ავტოპორტრეტი მის ფუნქციასა და როლზე დაფიქრებას, თუ პასუხისმგებლობის განცდას გულისხმობს. ფორმის დეკონსტრუქცია ამირ კაკაბაძისთვის ერთგვარი ინტელექტუალური თამაშია, რომლის დროსაც აკადემიური ნახატის მიმართება ხელოვნების ისტორიისა და მისი მოდერნისტული გადახედვისკენ მრავალ ვარიაციებად იფანტება და გაერთიანებულია რიტმულად აქცენტირებული თვალის თემით. ერთ-ერთ ექსპრესიულ „ავტოპორტრეტში“ (ქაღალდი, გუაში, 48X36.1994წ.) ცენტრში გამოსახული თავი (სამ-მეოთხედში) ძლიერი ხის ფესვებზე დგას, მის ირგვლივ არსებული ქაოსი ლევიტაციური ობიექტებით (თვალები, ყურები, ნიჟარები, შინაგანი ორგანოების ფრაგმენტები, ბასრი იარაღები და ა.შ...) არის აგებული. „ავტოპორტრეტის“ მეორე ვერსიაში (ტილო, ზეთი. 50X100.2011წ.) სამი თავია სხვადასხვა რაკურსიდან, კისერთან სახაზავის დანაყოფებიანი ზოლით, Mug shot -ის ალუზიით. სხვა ნამუშევარში (ქაღალდი, გუაში, 42 X72. 1997წ.) სიმეტრიული პროფილები ერთმანეთთან „ფესვებითაა“ გადაბმული და ერთი უფრო რეალისტურია, მეორე კი ნიღბისებური. ავტოპორტრეტების სერია ამირ კაკაბაძესთან დრამატიზმით გამოირჩევა, თუმცა, ერთგვარად „შენიღბულია“ სამეცნიერო ფანტასტიკის სიურრეალისტური ილუსტრაციების ესთეტიკის ასოციაციებით.

ქვეცნობიერის გადმოცემის სიურრეალისტური ტრადიციის დაცვით აგებული უცნაური და ირაციონალური დეფორმაციები მკვეთრი ინდივიდუალიზმით არის აღნიშნული ამირ კაკაბაძის ნამუშევრებში; ამავდროულად, ის აღიარებული ხელოვანის საკუთარ თავში დარწმუნებული გულახდილობით ჰყვება იმ თვითკმარი სიცოცხლისა და სისავსის შესახებ, რომლითაც ცხოვრობს, ტკბება საკუთარი ავტონომიური სივრცით, რომლის მიღმა არსებული ყველა მოვლენა უმნიშვნელო ხდება.

ქვეცნობიერის ჰალუცინაციურ ქსოვილში სხეული ერთ-ერთი მთავარი მოტივი და რთული სტრუქტურის მეტაფორაა ამირ კაკაბაძის შემოქმედებისთვის და სიურრეალისტური მეტამორფოზების ნაირგვარობას წარმოადგენს, სადაც ის მატერიალურის მიღმა არსებულ ბუნებას ავლენს და სხვადასხვა მოულოდნელ ფაქტურაშია გამოვლენილი, - შეიძლება იქცეს საგნად, პეიზაჟად, მუსიკად. ანტიკური ქანდაკების მსგავსი სხეული შეიძლება თეფშზე დადებული ვაშლის თავით დაგვირგვინდეს, ან ხელის მტევანში გაიაროს მცენარემ ფესვებით, ღეროთი და ვარჯით.

საგნები, რომლებიც არ არიან საგნები... პერიოდულად ადვილად ამოსაცნობია მაგრიტისეული ალუზიები, სადაც ყოველდღიურობა, ბანალურობა მისტერიად ავლენს თავს. განსაკუთრებული ელეგანტურობითა და სიმსუბუქით გამოირჩევა სერია, სადაც სანოტო ფურცლებზე აღმოცენებული ვიზუალური გამოსახულებებია, - მუსიკისა და გამოსახულების შეხვედრების ფსიქოლოგიური სურათები, როცა შინაარსით აბსტრაქტული კომპოზიციები ფიგურაციულ სიცხადეს იძენენ. ამირ კაკაბაძე მუდმივად დაინტერესებული იყო ტექსტური და ვიზუალური ნიშნების ურთიერთქმედებით და მის მრავალ ნამუშევარში ნაბეჭდი ფონი და ზედ დატანილი ფანტასმაგორიები ცოცხალ კავშირებადაა ფორმირებული, რაც შთამბეჭდავ კადრებად იყრის თავს მეტამორფოზების სერიაში. როგორც სიურრეალისტური ნამუშევრების დიდ ნაწილს ახასიათებს, სურათები ხშირად ქმნიან „საიდუმლოს“ ატმოსფეროს, მაგრამ მხოლოდ ეს შედეგი არ იყო საკმარისი მათი ავტორისთვის, ამ იდუმალი ეფექტის მიღმა ყოველთვის იგულისხმება ბევრად რთულად ამოსახსნელი რეალობა. ნაირგვარ ასამბლაჟებში კონტრასტი განსაზღვრავს მთავარ შთაბეჭდილებას, როცა ყოფითი საგნების „ვადაგასულობა“ ქრება და სემანტიკური ორნამენტებით დაფარულ ქსოვილის ფონზე აგებული სამგანზომილებიანი იუველირული მოტივი ისტორიული მხატვრობისთვის სახასიათო ენას, რეპრეზენტაციულ მოდელებს ციტირებს („უსათაურო“. ასამბლაჟი. ქსოვილი, ლითონი, ხე, 45.3 X 41.3 X 2სმ. 1979წ.). არქიტექტურული მოტივები ხშირად ჰგავს დეკორაციებს, მაგრამ ირეალურ ჩანართებთან ერთად ქმნის დაძაბულობას, სადაც ხაზობრივი პერსპექტივის ალუზია და სიზმრისეული მოტივები ერთობლიობაში შემაშფოთებელ და ფსიქოლოგიური სიმძაფრის განწყობებს გადმოსცემს.

ამირ კაკაბაძე დაიბადა 1941 წელს თბილისში და იზრდებოდა ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის - მხატვარ დავით კაკაბაძისა და მხატვარ ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში. ამირ კაკაბაძის შემოქმედების მკვლევრები გამორჩეულ ყურადღებას უთმობენ ხოლმე მის ადრეულ ფოტო პორტრეტს, სადაც ახალგაზრდა ხელოვანი დავით კაკაბაძის ნამუშევრის ფონზე პოზირებს და კარიერის დასაწყისში უკვე გაცნობიერებული აქვს იმ პრობლემის არსი, რომელიც მუდმივად მისი თანამდევი იქნება მომავალში: საზოგადოებაში არსებული მოლოდინები მასთან, როგორც დავით კაკაბაძის მემკვიდრესთან მიმართებაში და საკუთარი, სრულიად განსხვავებული გზის ძიება მხატვრობაში. მეორე მხრივ, მან ნამდვილად გააგრძელა დავით კაკაბაძის გზა იმ თვალსაზრისით, რომ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მხატვარი-მკვლევრის რენესანსული მოდელის თანამედროვე ვერსიად დარჩა უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიაში.

ხათუნა ხაბულიანი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

2025

მონაწილე არტისტები

ბიოგრაფია

(1941-2015)

ქართველი მხატვარი ამირ კაკაბაძე არის ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. დაიბადა 1941 წელს საქართველოში, ქალაქ თბილისში, ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძისა და მხატვარ ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში.

1967 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სამხატვრო აკადემია და შემდეგ ასპირანტურა ფერწერისა და თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების განხრით.

ამირ კაკაბაძე მუშაობდა სხვადასხვა ტექნიკაში: ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, პოპ-არტი. აქვს გაფორმებული მრავალი თეატრალური სპექტაკლი და კინოფილმი (თბილისი, მოსკოვი)

1990 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1965 წლიდან აწყობდა პერსონალურ გამოფენებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მისი ნამუშევრები ინახება მსოფლიოს რიგი ქვეყნების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

ძირითადი გამოფენები

 1977 – პერსონალური გამოფენა, ლიტერატორთა სახლი, ქ. მოსკოვი, რუსეთი
 1988 – პერსონალური გამოფენა, მხატვრის სახლი, ქ. თბილისი, საქართველო
 1989 – გამოფენა-გაყიდვა, ქ. ბერლინი, გერმანია
 1989 – გამოფენა-გაყიდვა, ქ. ტორონტო, კანადა
 1990 – პერსონალური გამოფენა, ლიტერატორთა სახლი, ქ. მოსკოვი, რუსეთი
 1991 – ქართული ხელოვნების რეტროსპექტიული გამოფენა, ქ. ბარსელონა, ესპანეთი
 1991 – ხელოვნების აუქციონი, კინოს სახლი, ქ. თბილისი, საქართველო
 1995 – აუქციონი Richelieu Drouot (ორჯერ), ქ. პარიზი, საფრანგეთი
 1995 – პერსონალური გამოფენა, საქართველოს საელჩო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
 1996 – გამოფენა UNESCO-ს ეგიდით, ქ. თბილისი, საქართველო
 1997 – პერსონალური გამოფენა, მხატვრის სახლი, ქ. თბილისი, საქართველო
 1997 – პერსონალური გამოფენა, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, ქ. თბილისი, საქართველო
 1998 – არტ-სალონი „მანეჟი“, ქ. მოსკოვი, რუსეთი
 1999 – გამოფენა, დიპლომატიური კორპუსი, ქ. მოსკოვი, რუსეთი
 2000 – პერსონალური გამოფენა, გალერეა „ვერნისაჟი“, ქ. თბილისი, საქართველო
 2002 – არტ-მუზეუმი „Georgians“, ქ. თბილისი, საქართველო
 2003 – გამოფენა, ავანგარდ-ჯგუფი, ქ. თბილისი, საქართველო
 2005 – გამოფენა, გალერეა „თანამედროვე ხელოვნება“, ქ. თბილისი, საქართველო
 2007 – პერსონალური გამოფენა, გალერეა „ვერნისაჟი“, ქ. თბილისი, საქართველო
 2008 – პერსონალური გამოფენა, სასახლე „Wasserschloss“, ქ. ბად-რაპპენაუ, გერმანია
2008 – პერსონალური გამოფენა, საქართველოს საელჩო, ქ. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
2009 – გამოფენა ავთო ვარაზის ხსოვნას, გალერეა „ვერნისაჟი“, ქ. თბილისი, საქართველო
2010 – პერსონალური გამოფენა, გალერეა „ვერნისაჟი“, ქ. თბილისი, საქართველო

2017 - რეტროსპექტიული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, თბილისი, საქართველო