სიახლეების გამოწერა
close
გამოიწერე სიახლეები
აქ arrow-right
11 - 13 აპრილი

დავით კაკაბაძის ფონდი წარადგენს კოკა რამიშვილის მხატვრობას

22 - 25 სექტემბერი, 2022, საქართველო

hidden

კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესიძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მედიუმების ძიებით. მისი ყველა პროექტი თანმიმდევრულად ვითარდება, კონცეპტუალურად გამართულია და პერფექციონისტული სწრაფვით შესრულებული. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაჰირებულ მსჯელობას შორის. ვიქტორ მიზიანო თავის წერილში, რომელიც 2009 წელს ვენეციის 53-ე ბიენალეზე ქართული პავილიონის პროექტს მიეძღვნა, სადაც კოკა რამიშვილის მულტიმედიური ინსტალაცია -„ცვლილება ხატვის ორკესტრში“ იყო წარმოდგენილი, მხატვარს მოიხსენიებს ტერმინით „ბოლო საბჭოთა თაობის წარმომადგენელი“, მის შემოქმედებით ამოცანას კი ამგვარად განსაზღვრავს: „ეს წინააღმდეგობათა ის ერთობლიობაა, რომელსაც შეეჯახა „ბოლო საბჭოთა თაობა“, რომელიც დღემდე უნივერსალური გამოსავლის ძიებაშია. კოკა რამიშვილმა თავის ნამუშევრებში ამ წინააღმდეგობათა გადაჭრის საკუთარი გზა შემოგვთავაზა. ერთი მახასიათებელი, რომელიც რამიშვილის მრავალ ნამუშევარს განსაზღვრავს, როგორც ადრეულს, ისე შედარებით ახალს, მდგომარეობს ნამუშევრების კონტრაპუნქტის პრინციპით აგებაში. ბინარული მოდელი, რომელიც ამგვარად სახასიათოა თანამედროვეობისთვის და მთლიანად ამობრუნებულია რეგიონულ კრიტიკაში, მისნამუშევრებში ღიად არის ნაჩვენები, ანუ, იმგვარად, რომ ოპოზიციის არც ერთი მხარე არ იჩრდილება. ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობენ.“ 1990-იანი წლების ბოლოდან კოკა რამიშვილი მონაცვლეობით ცხოვრობს ჟენევასა და თბილისში, რამაც განაპირობა განსხვავებული კონტექსტების თემის კიდევ უფრო გაღრმავება მის მხატვრულ ხედვებში. ბოლო პერიოდის ნამუშევრებში კოკა რამიშვილის ინტერესი კომპოზიციის სტრუქტურის, ფორმისა და განათების, ფერისა და ტექსტურის ურთიერთობების კვლევაზეა კონცენტრირებული.მედიტაციური ველი განმსაზღვრელია პეიზაჟების კონცეპტუალურ ვერსიებში 2010 წლის ფერწერული სერიიდან “უკან მომავლისკენ“/’Back to the Future”. ამ სერიის ერთ-ერთ შთამბეჭდავ ტილოზე სათაურით „გონიო“ (160X140. ტილო, ზეთი), ფონისა და გამოსახულების შეფარდება იმ საფოსტო ბარათის ასოციაციას იწვევს, რომელზეც საკურორტო ქალაქების ხედები გამოისახებოდა. ეს თითქოს განყენებული პეიზაჟია, თუმცა, დატვირთული სავარაუდო პერსონალური თუ კოლექტიური მეხსიერებით დროსა და სივრცესთან მიმართებაში. კოკა რამიშვილის ინტერესის საგანი მუდმივად არის ტერიტორია მისი გამოვლინების სხვადასხვა სახით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პირობითსა თუ მყარ არქიტეტურულ სტრუქტურებს, სინათლითა და ანარეკლებით აგებულ სკულპტურულ ფორმებს, სადაც თითქმის ჰიპერრეალისტური კადრი ზოგჯერ სრულიად აბსტრაქტულ შინაარსს იძენს. კიდევ უფრო განყენებულია სერია „ფრაგმენტები ბაღიდან“, რომელიც 2017 წელს პარიზში, GALERIE EVA MEYER -ის სივრცეში იყო წარმოდგენილი ფოტოგრაფიულ ნამუშევრებთან ერთად, - ეს არის ექვსი მცირე ზომის ხის დაფებზე შესრულებული მინიმალისტური სერია რეფერენციებით მხატვრობის ისტორიაზე, ფერის ენასა და შესაძლებლობებზე, მასალების ენერგეტიკულ ღირებულებებზე და ა.შ.. „გალერეაში წარმოდგენილი მცირე ზომის (მაგ.,“შავი არ არის შენი?“, 2017წ. 30 x 24 x 4 სმ;ზეთი, ქარვა, ტილო, ხე) ხეზე შესრულებული სურათებიდან თითოეულიმხატვრის მიერ აღქმულია, როგორც გლობალური ინსტალაციის ფრაგმენტი, რომელიც წარმოადგენს ფერადი ნოტებისგან, ასევე სიჩუმისა და სასვენი ნიშნებისგან აგებულ ზღუდეს. ეს სიჩუმის მშვენიერებაა, რომელიც თან ახლავს თითოეულმათგანს და თითოეულ ფრაგმენტს თავის სიმსუყესა და სიღრმეს ანიჭებს. თითოეული ხის ტილო ფერწერული შრეების ერთობლიობაა, ინტენსიურობა და ვიბრაცია კი ხაზგასმულია ზეთისა და ქარვის საღებავებით“, - ნათქვამია გალერეის რეზიუმეში. დავით კაკაბაძის ფონდისთვის მნიშვნელოვანია მხატვრობა რეფლექსიური მიდგომებითა და ქართული თანამედროვე მხატვრობის განვითარება იმ უწყვეტი პროცესის სახით, რომელიც სათავეს ქართველი მოდერნისტებისგან იღებს და გრძელდება ისეთი მხატვრების შემოქმედებაში, როგორიც, მაგალითად, კოკა რამიშვილია.